მედლის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს „შეიარაღებული ქალის“ გამოსახულება, რომელიც იმდროინდელი საქართველოს სიმბოლური განსახიერებაა. იოსებ შარლემანის ნახატი ქართული საფოსტო მარკისთვის შეიქმნა, მებრძოლი ქალის გამოსახულება დამფუძნებელი კრების, საქართველოსათვის ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენების იდეოლოგიის მატარებელია, დაწყებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიდან, დამთავრებული პირველი კონსტიტუციით, სადაც ქალთა უფლებები და თანასწორობა, კონსტიტუციის მიხედვით პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისთვის ძირითადი კანონი იყო. ეს იყო გზავნილი ცივილიზებულ სამყაროსთან ქალთა უფლებების მკაფიო ხაზგასმით.
შეიარაღებულ ქალს ერთ ხელში შუბი უჭირავს, მეორეში საბრძოლო ფარი, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით.
მედლის ავერსის მარცხენა ნაწილში გამოსახულია წარწერა „100 წელი“, შესრულებული ტრადიციული ქართული კალიგრაფიით – კიდურყვავილოვანი სტილით. კიდურყვავილოვანი დამწერლობა XI საუკუნეში გაჩნდა და ფართოდ გამოიყენებოდა ქართული ხელნაწერების დასამშვენებლად. თავად სახელწოდება „კიდურყვავილოვანი“ ივანე ჯავახიშვილს ეკუთვნის. წარწერა გაფორმებულია საქართველოს პირველი კონსტიტუციის დოკუმენტზე გამოსახული ორნამენტით, რომელიც 1921 წლის მარტში ბათუმში, ნესტორ ხვინგიას სტამბაში, დაიბეჭდა.
მედლის ავერსის ზედა წრიულ სარტყელზე გამოსახულია წარწერა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია“, ქვედა წრიულ სარტყელზე კი დატანილია საქართველოს პირველი კონსტიტუციის დოკუმენტის დასათაურებიდან ამონარიდი „1921 წლის თებერვლის 21“. მედლის ავერსზე ასევე გამოსახულია პროექტ „ტვიფრი“ – ს ლოგო და მედლის გამოშვების წელი „2021“.
მედლის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ არქიტექტორული გამოსახულება. შენობის ამ ნაწილში იყო დარბაზი, სადაც შეიმუშავეს, მოისმინეს და დაამტკიცეს პირველი კონსტიტუცია. ეროვნული სასახლის შენობა წარმოადგენს კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც აიგო 1802 წელს, როგორც მთავარმართებლის სახლი, 1865 წელს კი თბილისში მოღვაწე ცნობილმა შვედმა ხუროთმოძღვარმა ოტო იაკობ სიმონსონმა საფუძვლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარა, სადაც 1917-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ფუნქციონირებდა. მედლის რევერსზე ასევე გამოსახულია ორნამენტი იმდროინდელი ქართული ეროვნული ჰიმნი „დიდების“ გარეკანის მიხედვით.
მედლის რევერსის ზედა წრიულ სარტყელზე დატანილია წარწერა საქართველოს პირველი კონსტიტუციის 52-ე მუხლის მიხედვით „ხელმწიფება ეკუთვნის მთელ ერს“. ხოლო ქვედა წრიულ სარტყელზე კი გამოსახულია წარწერა „მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ“ პირველი კონსტიტუციის დოკუმენტის დასათაურების მიხედვით. ამავე დოკუმენტის მიხედვით საქართველოს დედაქალაქი იყო თბილისი, ხოლო „ტფილისი“ იმდროინდელი დედაქალაქის სახელწოდება. სწორედ ამ მიზნით მედლის რევერსის ქვედა ნაწილში გამოსახულია წარწერა „ტფილისი“.