სიახლეები

საქართველოს პირველი კონსტიტუციის შრიფტი შეიქმნა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამახსოვრო მედლის შრიფტზე კალიგრაფმა დავით მაისურაძემ იმუშავა.

შრიფტის ინსპირაცია თავად პირველ კონსტიტუციაში გამოყენებული დამწერლობაა, რომელიც ასევე გვხვდება დამოუკიდებლობის აქტის დასათაურებაში.

შრიფტი “კონსტიტუცია” ეფუძნება იმ შრიფტებს, რომლებიც 1918-1921 წლებში გამოიყენებოდა სახელმწიფო დოკუმენტებისათვის. მათ შორის 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის სათაურიც ამ შრიფტით იყო დაწერილი. სწორედ იმ ცხრა ასოზე დაყრდნობით, რომლებიც სიტყვა “კონსტიტუციაში” გვხვდება აღდგა 38-ვე ქართული ასოს მოხაზულობა და სრული თანამედროვე ტიპოგრაფია დამზადდა.

კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამახსოვრო მედალზე ასვე დატანილია წარწერა „100 წელი“, რომელიც კიდურყვავილოვანი დამწერლობითაა შესრულებული.

„კიდურყვავილოვანი დამწერლობა XI საუკუნეში გაჩნდა და ფართოდ გამოიყენებოდა ქართული ხელნაწერების დასამშვენებლად, ამიტომ ამ შრიფტზე მუშაობა ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა” – ამბობს დავით მაისურაძე. „მრავალი წელია სხვადასხვა დამწერლობების აღმოჩენასა და ძველი ქართული ხელნაწერი შრიფტების გაცოცხლებით ვარ დაკავებული, შესაბამისად „ტვიფრის“ შემოქმედებითი გუნდის იდეა დიდი ენთუზიაზმით განვახორციელე.”

თავისი საზეიმო ხასიათის გამო კიდურყვავილოვან დამწერლობას ძირითადად ღირსშესანიშნავი მოვლენების აღსაწერად იყენებდნენ. მაგალითად, ამ კალიგრაფიითაა შესრულებული წარწერები, რომლებიც დიდებული ნაგებობების აგებას გვამცნობენ. ეს კალიგრაფია გვხვდება საგანგებოდ მეფეთათვის გადაწერილ მდიდრულ ხელნაწერებში: გელათის, ვანის, ჯრუჭის ოთხთავებში. ბექა და ბეშქენ ოპიზრების მოჭედილობაშიც ულამაზესი კიდურყვავილოვანი ასოებია.

„ამ ყველაფრის გამო თანამედროვე კალიგრაფებისთვის ეს კალიგრაფია საქართველოს ისტორიის დიდებულ მომენტებთან და ჩვენს მდიდარ წარსულთან ასოცირდება“.-აღნიშნა დავით მაისურაძემ.