საქართველოს მეფეების სერიის პირველი საკოლექციო მედლის, ვახტანგ გორგასლის გამოსახულებების ეპოქისეული რეალობით გადმოცემაზე, ტვიფრის შემოქმედებითი გუნდის წევრმა, ისტორიკოსმა ლადო მირიანაშვილმა იმუშავა. ისტორიკოსის კვლევა ჯუანშერ ჯუანშერიანის მიერ აღწერილ მეფე ვახტანგის ცხოვრებას ეფუძნება.
ლადო მირიანაშვილის თქმით, საზოგადოება არ იცნობს მეფის იმ დადებით, ძლიერ მხარეებს, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ქართლის სამეფოსა და ზოგადად საქართველოს ისტორიაში.
„წმ. ვახტანგ გორგასალი V საუკუნის მეორე ნახევარში ქართლში მეფობდა. მისი ზეობა რთულ პოლიტიკურ ვითარებას დაემთხვა: ქართლს ირანის უღელი ედგა და მისგან რელიგიურ ექსპანსიას განიცდიდა: ირანელები ქართლში მაზდეანობის (ცეცხლთაყვანისმცემლობის) დამკვიდრებას ცდილობდნენ. მეფე ვახტანგი ირანის უღლისგან ქართლის გასანთავისუფლებლად, რწმენის შესანარჩუნებლად და ქვეყნის ცენტრალიზაციისათვის იბრძოდა. ამ მცდელობებს ქართველ ფეოდალთა გარკვეული ნაწილი ეწინააღმდეგებოდა და ირანის მხარეს იჭერდა. ურჩი ფეოდალებიდან თანამედროვეთათვის ყველაზე კარგად ვარსქენ პიტიახშის სახელია ცნობილი, რომელიც ირანის მეფე პეროზს ეახლა, მორჩილების ნიშნად ქრისტიანობა უარყო და მაზდეანობა მიიღო. ქართლში დაბრუნებულმა ვარსქენმა, ქრისტიანული რწმენის ერთგულებისთვის საკუთარი მეუღლე, შუშანიკი (ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა) აწამა.
ვახტანგ გორგასალმა რეფორმების გატარება ქართლის ეკლესიის რეორგანიზაციით დაიწყო. მან შეცვალა ეკლესიის მეთაური და ქართლში კათალიკოსობა დააწესა. სწორედ ვახტანგ გორგასლის ზეობისას მოიპოვა ქართლის ეკლესიამ ავტოკეფალია. შემდგომი ნაბიჯი იყო კონსტანტინოპოლთან კავშირების გააქტიურება, რამაც ირანის წინააღმდეგ ბრძოლასა და ზოგადად საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის გასვლაში დიდი როლი ითამაშა“, – გვიყვება ლადო მირიანაშვილი.
ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება თბილისის სატახტო ქალაქად გამოცხადება და მისი მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სავაჭრო კვანძად გადაქცევა. მან დაიწყო დიდი აღმშენებლობითი საქმიანობა მთლიანად ქართლის მასშტაბით. ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება მცხეთაში სვეტიცხოვლის ხის მცირე ეკლესიის ადგილზე დიდი ბაზილიკური ტაძრის მშენებლობა. მის დროს აიგო ბოლნისის სიონი და განხორციელდა მშენებლობები უჯარმაში, ჭერემში, ხორნაბუჯსა და არტანუჯში.
მედლის გამოსახულებისთვის ისტორიკოსმა მოიძია მე-5-მე-6 საუკუნეების ქართული ეკლესიების გაფორმებისთვის გამოყენებული ორნამენტები. შესწავლილი იქნა ქართველ და უცხოელ მკვლევართა სამეცნიერო გამოკვლევები ვახტანგ გორგასლის ეპოქის მეომრის სამხედრო აღჭურვილობის, ხმლისა და მუზარადის ფორმის, დამცავი ჯავშნის სახეობის, ბრძოლის ხერხებისა და სხვა მახასიათებლების შესახებ რათა მედლის გამოსახულების შესრულებისას ყველა დეტალი მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო შესაბამისი ეპოქის ისტორიულ რეალობასთან.
„წმ. ვახტანგ გორგასლისადმი მიძღვნილი მედალი ასახავს სარწმუნოების დამცველი და ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლი, უშიშარი მეფის სახეს. მედლის ავერსზე აბჯარასხმული ვახტანგ გორგასალია გამოსახული. მას ოქროს მუზარადი ჰხურავს, რომელზეც მგლის თავია გამოსახული, როგორც ეს ისტორიულ ჩანაწერებშია აღწერილი: „ხოლო ვახტანგ მეფესა შეექმნა ჩაბალახი ოქროსი, და გამოესუა წინათ მგელი“ (ქართლის ცხოვრება 1955, გვ. 180). მეფეს მარჯვენა ხელში ჯვრის სახედ ხმალი უჭირავს, მარცხენა ხელზე კი შევარდენი უზის. შევარდენი, ერთი მხრივ, სამეფო ძალაუფლების სიმბოლოა, მეორე მხრივ კი, თბილისის დაარსების ლეგენდასთანაა კავშირში. მედლის რევერსზე ცხენზე ამხედრებული, ხმალამოღებული ვახტანგ გორგასალი მოწინააღმდეგეთა ჯგუფშია შეჭრილი. დამფრთხალი სპარსელები შიშს მოუცვია: „ვითარცა იხილიან ვახტანგ, თქჳან: „მირიდეთ თავსა მგლისასა.“ (ქართლის ცხოვრება 1955, გვ.180)“ – აღნიშნავს ლადო მირიანაშვილი.
საქართველოს მეფეების სერიის პირველი საკოლექციო მედალი ვახტანგ გორგასალი მოჭრილია ლიეტუვის ზარაფხანაში ლიმიტირებული ტირაჟით – მხოლოდ 300 ერთეული. მედალი შექმნილია ტვიფრის შემოქმედებითი გუნდის მიერ ივა ჯანეზაშვილის ხელმძღვანელობით.
ვახტანგ გორგასლის საკოლექციო მედლის შესაძენად გადადით ბმულზე