სიახლეები

ქალი რესპუბლიკის სიმბოლოდ

პირველი ქართული საფოსტო მარკების გამოცემა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში დაიწყო. პირველი მარკა 1919 წლის 26 მაისს გამოვიდა. გამოშვებულია სულ რამდენიმე ტიპის მარკა. 1920 წელს გამოვიდა მარკების სერია რომელიც ფილატელისტების სამყაროში – საქართველოს მეფე თამარის მარკის სახელითაა ცნობილი. მაშინ და დღესაც სურათზე გამოსახული ქალი ზოგს  წმ. ნინო, ზოგს კი თამარ მეფე ეგონა. სინამდვილეში კი იგი იყო “ქალბატონი საქართველო” – ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო 1918-1921 წლებში, რომელიც განასახიერებდა მებრძოლ საქართველოს. ნახატი შესრულებულია რუსი კლასიკოსი მხატვრის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის იოსებ შარლემანის მიერ სპეციალურად ქართული საფოსტო მარკისთვის. მებრძოლი ქალის გამოსახულება დამფუძნებელი კრების, საქართველოსათვის ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენების იდეოლოგიის მატარებელია, დაწყებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიდან, დამთავრებული პირველი კონსტიტუციით, სადაც ქალთა უფლებები და თანასწორობა, კონსტიტუციის მიხედვით პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისთვის ძირითადი კანონი იყო. ეს იყო გზავნილი ცივილიზებულ სამყაროსთან ქალთა უფლებების მკაფიო ხაზგასმით. „ქალბატონ საქართველოს“ ერთ ხელში შუბი უჭირავს, მეორეში საბრძოლო ფარი, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გერბის (თეთრი გიორგი) გამოსახულებით. “ქალბატონ საქართველოს” ხშირად ნახავდით მაშინდელ აღლუმებზე, სხვადასხვა ღონისძიებებზე. იგი გამოსახული იყო ფულზეც. დამოუკიდებელი საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, სადაც ქალებისა და მამაკაცების უფლებები გათანაბრდა. ბევრ ევროპულ ქვეყანაზე ადრე სწორედ საქართველოში მიიღეს ქალებმა როგორც საარჩევნო ხმის უფლება, ასევე უფლება ყოფილიყვნენ არჩეულნი”.