პროექტი ტვიფრის ინიციატივით, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 100 წლის იუბილეს თემაზე საკოლექციო დანიშნულების მედლის დიზაინის ესკიზის შესარჩევი კონკურსი ცხადდება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს-როგორც ფიზიკურ (რეზიდენტი/არარეზიდენტი), ასევე იურიდიულ (რეზიდენტი/არარეზიდენტი) პირს. ნამუშევრის წარმოდგენის ბოლო თარიღია: 17.01.2022
საკონკურსო მასალების განხილვა და შეფასება მოხდება ტვიფრის და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.
კონკურსში გამარჯვებული ესკიზისთვის ტვიფრის მიერ განსაზღვრულია ფულადი ჯილდო – მედლის დიზაინისთვის 3000 (სამი ათასი) ლარი.
სხვა დეტალებისა და კონკურსის პირობების სანახავად დააჭირეთ ბმულს
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის შესახებ:
თბილისის სახელმწიფო აკადემია პირველი უმაღლესი სამხატვრო სასწავლებელი საქართველოსა და მთელ კავკასიაში, წარმოადგენს ეროვნული კულტურის ფასეულობებზე, ხელოვნებისა და მეცნიერების თანამედროვე მიღწევებზე დაფუძნებულ წამყვან სახელოვნებო უნივერსიტეტს რეგიონში.
1922 წლის 8 მარტს დაარსდა საქართველოს სამხატვრო აკადემია (ასე ერქვა მას თავდაპირველად) და იყო ერთ-ერთი იმ სამ აკადემიას შორის, რომელიც საბჭოთა კავშირში ფუნქციონირებდა. აკადემიის სახელს მრავალი წარმატებული ხელოვანის აღზრდა უკავშირდება. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნად, „ტვიფრმა“ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან ერთად, გადაწყვიტა 100 წლის იუბილეს თემაზე, საკოლექციო დანიშნულების მედლის გამოშვება და ამ მიზნით, შესაბამისი დიზაინის ესკიზის საკონკურსო წესით შერჩევა. საჯაროობისა და გამჭირვალობის უმაღლესი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, წინამდებარე კონკურსში სამხატვრო აკადემია მონაწილეობს კონკურსის საბჭოში ჟიურის სახით. კონკურსის მიმდინარეობაზე, საორგანიზაციო და სხვა საკითხებზე, მათ შორის გამარჯვებულებთან სამართლებრივ ურთიერთობასა და ფინანსურ მხარდაჭერაზე სრულად პასუხისმგებელია შპს „ტვიფრი“. ესკიზის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ესკიზები უნდა წარმოადგინონ თანდართული პირობების მიხედვით.