სიახლეები

ვახტანგ გორგასლის მედლისთვის შრიფტი V-VI საუკუნეების არტეფაქტების მიხედვით შეიქმნა

შრიფტის გადმოწერა

საქართველოს მეფეების სერიის, პირველი საკოლექციო მედლის ვახტანგ გორგასლის შრიფტზე ტვიფრის შემოქმედებითი გუნდის წევრმა, კალიგრაფმა დავით მაისურაძემ იმუშავა. კალიგრაფისთვის დიდი გამოწვევა იყო V-VI საუკუნეების ძეგლებზე (ბოლნისის სიონი, მცხეთის ჯვარი) არსებულ წარწერებზე მუშაობა და ვახტანგ გორგასლის ეპოქის შრიფტში გაცოცხლება.

მედალზე დატანილია ორი სახის შრიფტი – ასომთავრული და მხედრული.

მედლის რევერსზე დატანილი ასომთავრული წარწერისთვის – „ႨႷႭ ႩႠႺႨ ႭჃႸႨႸႨ ႥႨႧႠႰႺႠ ႭჃჄႭႰႺႭ„ (იყო კაცი უშიში ვითარცა უხორცო) გამოყენებულია შრიფტი, რომლის მოხაზულობებიც ეფუძნება ბოლნისის სიონის ტაძრის წარწერებს.
ბოლნისის სიონი ვახტანგ გორგასლის მეფობის დროსაა აგებული და წარწერებიც ამავე ეპოქისაა. ამ წარწერების მსგავსად, მედალზე დატანილი შრიფტიც ხასიათდება მკაცრი და მონუმენტური ფორმებით.

„ასოთა სადა და დახვეწილი ფორმები თავისუფალია ყოველგვარი ზედმეტი ორნამენტულობისაგან. ასეთი მიდგომა ზოგადად შეესაბამება ვახტანგის ეპოქის ხელოვანების მიდგომებს. შრიფტის ერთადერთ დეკორაციულ ელემენტს წარმოადგენს ასოთა მსუბუქად წაისრული კიდურები, რაც მცხეთის ჯვრის მონასტრის შიდა კედელზე არსებულ წარწერას ეფუძნება“ – ამბობს დავით მაისურაძე.

V-VI საუკუნეების ეს წარწერები გამოირჩევა სისადავითა და მონუმენტურობით, ასოთა კიდურებში ძალიან მსუბუქად სტილიზებული დაბოლოებებით.

კალიგრაფიული თვალსაზრისით, ეს ერთ-ერთი ულამაზესი სამშენებლო წარწერაა ამ ეპოქიდან და მასში მოიხსენიება თემესტია, ქალი, რომელმაც მცხეთის ჯვრის ტაძრის ერთ-ერთი „საყოფელი“ ანუ შიდა ოთახი ააშენა: „წყალობითა ღმრთისაითა და შეწევნითა ჯვარისაითა მე, თემესტია, მხევალმა ქრისტესამან, აღვაშენე საყოფელი ესე სახსენებელად სულისა ჩემისა თაყვანისსაცემლად დედათა“. შრიფტის სახელწოდებაც სწორედ მის სახელს უკავშირდება – „თემესტია“.

ასომთავრული დამწერლობის ამ ესთეტიკას იმეორებს მხედრული შრიფტი, რომლითაც ავერსის წარწერებია გამოსახული: „ვახტანგ გორგასალი“, „უმჯობესი და აღმატებული ყოველთა მეფეთა ქართლისათა“, „Vს“ და „2022“. ის სრულად იმეორებს ასომთავრული შრიფტის სტილისტიკას და V-VI საუკუნეების მხატვრულ ესთეტიკას.

„ორივე შრიფტი, ასომთავრულიცა და მხედრულიც, მოიცავს ყველა ასო-ნიშანს, რომელიც ქართული ენისა და მისი დიალექტების ჩასაწერადაა საჭირო, მათ შორის დამატებით სიმბოლოებსაც და ციფრებსაც“, – აღნიშნავს დავით მაისურაძე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოისმინეთ კალიგრაფ დავით მაისურაძისა და ისტორიკოს ლადო მირიანაშვილის ინტერვიუ პიკის საათის გადაცემაში ბმულზე.

შრიფტის ჩამოტვირთვა და გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ არაკომერციული მიზნით.